სსიპ ქალაქ თბილისის
N108 საჯარო სკოლის
ისტორიის პედაგოგის
ნანა ზაზანაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში
გააზრებული სწავლების
პრობლემები ისტორიის გაკვეთილზე და მათი დაძლევის გზები მეხუთე კლასში
თბილისი
2018/2019 სასწავლო
წელი
ჩემ მიერ განხორციელებულ პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიშში ასახულია გააზრებული სწავლების პრობლემები ისტორიის გაკვეთილებზე. აღნიშნული კვლევა განვახორციელე სსიპ ქ. თბილისის
N 108 საჯარო სკოლაში.
მადლობას ვუხდი უპირველეს ყოვლისა სკოლის ადმინისტრაციას
და ასევე პრაქტიკულ კვლევაში მონაწილე ყველა პირს: კოლეგებს, მოსწავლეებს, მშობლებს
გაწეული დახმარებისათვისა და აქტიური თანამშრომლობისათვის.
სარჩევი
შესავალი
მინდა აღვნიშნო,
რომ ისტორიის საგანს სკოლაში ვასწავლი უკვე 15 წელია და ჩემთვის, როგორც ისტორიის პედაგოგისათვის მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლების პროცესის გააზრებულად წარმართვა,
რადგან ვთვლი, რომ ისტორია წარმოადგენს აზრების
ერთ დიდ კრებულს, რომელიც თავს უყრის ყველა დროის და ყველა დიდი მოაზროვნის მიერ გამოთქმულ
მოსაზრებებს. ისტორია თავის თავში აერთიანებს კაცობრიობის წარსულს, აწმყოსა და მომავალს,
როგორც დიდი ილია იტყოდა „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“
(ი. ჭავჭავაძე „ერი და ისტორია“)
წლების განმავლობაში
დაგროვილმა პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ისტორიის
სწავლების პროცესში მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულეებთან უწევდათ გამკლავება. მათ შორის
ერთ-ერთ სირთულეს და ამავდროულად პრობლემასაც წარმოადგენდა მოსწავლეების მხრიდან ისტორიის გაზეპირებული თხრობა და არა გააზრებული სწავლება.
ჩემთვის ეს პრობლემა არ წარმოადგენდა სიახლეს და წლების განმავლობაში ვცდილობდი ამ
პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა მეთოდებით, ინტერვენციებით თუ მრავალფეროვანი აქტივობებით,
რათა მოსწავლეების მხრიდან არ მომხდარიყო საგნისადმი ზერელე დამოკიდებულება, არამედ
მათში აღმეძრა ინტერესი ისტორიის საგნისადმი.
2018 სასწავლო
წლიდან სადამრიგებლოდ გადმომეცა მეხუთე კლასი,
რომელშიც ასევე უნდა მესწავლებინა ისტორიის საგანი („ჩვენი საქართველო). მეხუთე კლასის
მოსწავლეებისათვის ეს საგანი სიახლე იყო, ამიტომაც სასწავლო წლის დასაწყისშივე დავიწყე
დაკვირვება ისტორიის სწავლების პროცესზე და პირველივე თვის შედეგებმა მაჩვენა, რომ მოსწავლეების მხრიდან საგნის დასწავლას უფრო ჰქონდა ადგილი, ვიდრე მის
გააზრებულ სწავლას. მოსწავლეები გაკვეთილის მონოტონურად თხრობის სტილს უფრო ანიჭებდნენ
უპირატესობას, ვიდრე მსჯელობას და საკითხის ანალიზს. გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიის
სწავლების საძირკველი სწორედ მეხუთე კლასიდან იწყება გადავწყვიტე ჩამეტარებინა პრაქტიკული
კვლევა მეხუთე კლასში და საკვლევ საკითხად ავირჩიე გააზრებული სწავლების პრობლემები ისტორიის გაკვეთილებზე მეხუთე კლასში.
თავი I
1.1. სამიზნე ჯგუფი
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა Vა კლასში, სადაც პირველი
წელია, რაც დავიწყე ისტორიის სწავლება, ანუ კვლევის
სამიზნე ჯგუფი მეხუთე კლასის მოსწავლეები
იყვნენ. კლასში 27 მოსწავლე, აქედან 17 ვაჟი და 10 გოგონა ირიცხება, მათგან არცერთი
სსსმ მოსწავლე არ არის. კლასის საერთო აკადემიური მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი დონისაა.
მოსწავლეების 1/3 ნაწილი მაღალი აკადემიური
მოსწრებისაა, ორი მესამედი საშუალო, ხოლო დანარჩენ მესამედს უჭირს სასწავლო სტანდარტების
დაკმაყოფილება.
1.2. საკვლევი თემა
საკვლევი თემა გახლდათ გააზრებული სწავლების პრობლემები ისტორიის გაკვეთილზე და მათი დაძლევის
გზები მეხუთე კლასში. საკვლევი საკითხი წარმოადგენდა მოცემული პრობლემის იდენტიფიცირებას,
თუ რით იყო გამოწვეული ისტორიის გააზრებულად სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემები? რა
უჭირდათ მეხუთე კლასის მოსწავლეებს სწავლების პროცესში? როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული
პრობლემის გადაჭრა? რა ინტერვენციების განხორციელება გახდებოდა საჭირო და რა მეთოდებით?
1.3. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
ალბათ, ყველასათვის
ნაცნობია სიტუაცია, როცა საუბარი ისტორიის სწავლებაზე ჩამოვარდება, პირველი, რაც თავში
აზრად მოსდით, ეს ისტორიის მშრალი ფაქტების და უამრავი თარიღების დასწავლაა. თუ კი
გადავხედავთ გასული საუკუნის სწავლების პროცესს სკოლებში აღმოვაჩენთ, რომ ისტორიის
სწავლება მხოლოდ ზედაპირული დასწავლის მეთოდით ხორციელდებოდა. აღნიშნული მეთოდი საერთოდ
არ ითვალისწინებდა ისტორიის გააზრებულ სწავლებას, ფაქტებისა და მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების დადგენას. პრაქტიკულად ისტორიის
სწავლება მოსწავლეებში მხოლოდ ვალდებულებასთან იყო გაიგივებული, თუმცა დღესდღეობით
ამ კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. თანამედროვე სწავლების მიდგომები
არ ითვალისწინებს მხოლოდ ზეპირ დასწავლას.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე სწავლების პროცესი გააზრებულად უნდა
მიმდინარეობდეს და მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
„ე.ა) დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?ე.ბ) პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?” (ე.ს.გ. 2018-2014. თავი II. მუხლი 9.)
1.4. პრობლემის იდენტიფიცირება
ჩემთვის, როგორც
ისტორიის მასწავლებლისთვის, ისტორიის სწავლების პროცესის სწორად და გააზრებულად წარმართვა
მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ისტორიის საგანი ღირებულებითი უნდა იყოს მომავალი თაობისათვის. ამიტომაც მიმაჩნია,
რომ ამ საგნის სწავლება სწორედაც რომ გააზრებულად უნდა მიმდინარეობდეს და არ უნდა შემოიფარგლებოდეს
მშრალი ფაქტების დასწავლით. მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებდნენ ფაქტებს, თემაში აღწერილ
მნიშვნელოვან მოვლენებს, სცემდნენ პასუხებს კითხვებზე წინარე მასალების გააქტიურებისას,
მაგრამ სადიაგნოსტიკო ტესტმა, რომლის შედეგები საკმაოდ დაბალი იყო, დამაფიქრა პრობლემის
არსზე, რამდენად გააზრებულად სწავლობენ და იმახსოვრებენ ფაქტებს, მოვლენებს, რამდენად
შეუძლიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება მაგ: მთიანი რეგიონში რატომ არის
განვითარებული მესაქონლეობა მიწათმოქმედებაზე მეტად?
1.5. საკვლევი საკითხის აქტუალობა
საკვლევი საკითხის აქტუალობაც სწორედ იმით იყო განპირობებული,
თუ რამდენად გააზრებულად და ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტების დაცვით მოხდებოდა
ისტორიის შესწავლა. ვინაიდან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებითი საფეხურის
მისია არის:
“ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი,
ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების
ხელშეწყობა;
გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება,
ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის“.
(ე.ს.გ.2018-2024 თავი
II. მუხლი 6.)
აღნიშნული
პრობლემის იდენტიფიცირება, მიზნის განსაზღვრა და მისი აღმოფხვრა ჩემთვის , როგორც მასწავლებლისთვის,
იქნება სარგებლის მომტანი, დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში, მაღალი
შედეგების მიღწევაში, დაეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ ბლუმის ტაქსონომიის მაღალ ნიშნულებს,
შეძლონ არა მარტო გაგება, არამედ გააზრება, მიღებული ცოდნის მეხსიერებაში ხანგრძლივად დალექვა, ცოდნის ტრანსფერი-თეორიული ცოდნის პარქტიკულ
უნარ-ჩვევებში გადატანა.
თავი II
2.1. საკვლევი საკითხის მიზანი
დავადგინო, თუ რატომ უჭირდათ მეხუთე კლასის მოსწავლეებს
ისტორიის გააზრება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განხორციელება, შესაბამისად, განვახორციელო კვლევის მეთოდები და ინტერვენციები, ვიპოვო პრობლემის გადაჭრის გზები.
2.2. საკვლევი კითხვის ფორმულირება
საკვლევი საკითხის მიზნებიდან გამომდინარე გამოიკვეთა
ის ძირითადი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა დამეხმარებოდა კვლევის მიზნის განხორციელებაში:
·
გაკვეთილის მხოლოდ
თხრობით სწავლა და ძირითად
მახასიათებლებზე დაუკვირვებლობა განაპირობებს დაბალ მაჩვენებლებს.
·
დაბალი შედეგები აქვთ განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უჭირთ მთავარისა და მეორეხარისხოვანის გამოყოფა.
·
მოსწავლეები ვერ ადგენენ საჭირო სქემებს, უჭირთ მოვლენებისა და ფაქტების დანაწევრება.
2.3. საკვლევი თემის ამოცანა
საკვლევი თემის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
·
რა
უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ღრმად გაიაზრონ ისტორიის
საგანში ფაქტები, მოვლენები, რეგიონალური თავისებურებები, შეძლონ დაკავშირება, მსგავსება-სხვაობის
დადგენა.
·
როგორ
უნდა შევადგინო შემაჯამებელი სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებიც იქნება კონკრეტულ
საკითხებზე ორიენტირებული და ვალიდური.
·
ყველაზე
მეტად რომელი აქტივობები დამეხმარება მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის
გაძლიერებაში.
2.4. კვლევის გეგმა
მას შემდეგ, რაც მოვახდინე პრობლემის იდენტიფიცირება, დავგეგმე პრაქტიკული კვლევის განხორციელება, გამოვკვეთე სამიზნე ჯგუფი,
მიმოვიხილე შესაბამისი ლიტერატურა, რის შემდეგაც
დავგეგმე ადეკვატური კვლევის მეთოდები და განვახორციელე
შესაბამისი ინტერვენციები. მოვახდინე შედეგებზე დაკვირვება და ანალიზი.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება სასწავლო მიზნის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ევროპული საგანმანათლებლო სივრცე მთლიანად ეყრდნობა პრაქტიციზმს, რომელიც
დაფუძნებულია რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების, კრიტიკულ აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების და რეფლექსიური აზროვნების სწავლებაზე.
მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირება არ არის მყარი ცოდნის საფუძველი. სწორედ ამას ეყრდნობა სასწავლო პრაქტიკაში ეფექტურად დანერგილი ბლუმის ტაქსონომია: მოსწავლემ ცოდნის დაგროვებასთან (ინფორმაციის შენარჩუნება) ერთად უნდა შეძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი. სხვა შემთხვევაში, მოსწავლე პასიურია და შესაბამისად, მას უჭირს რაიმეს სწავლა.
მოსწავლეს სჭირდება არა გარკვეული სახით მიწოდებული ინფორმაცია,
არამედ აზროვნების ამოქმედება. „განათლების სპეციალისტი დ. პერკინსის (Perkins, 1992)
„თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რის სწავლის ლოგიკური შესაძლებლობა და მოტივაციაც აქვს. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:
1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
2. აზრიანი პრაქტიკა: აქტიური პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;
4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;“ ( საქართველოს
ეროვნული ბიბლიოთეკა „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“ თავი 1)
საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის
გზების ძიებაში დამეხმარა მეთოდოლოგიური ლიტერატურა, დაგეგმილი ინტერვენციები უნდა
ამეგო კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებზე, რომლებიც დაფუძნებულია სწავლა-სწავლების
პროცესის ისეთ ხედვაზე, სადაც ორიენტაცია აღებულია მოსწავლეზე. კონსტრუქტივიზმი, როგორც
პედაგოგიური ფილოსოფია, უარყოფს ცოდნის მზა სახით გადაცემას. შემეცნებითი აქტივობების
მრავალფეროვნება ბავშვს საშუალებას აძლევს გავიდეს ინფორმაციის გარეთ და ააგოს ახალი
ცოდნა. გააზრებული სწავლებისთვის აუცილებელია ცოდნის კონსტრუირება, შემოქმედებითი აზროვნების
სტიმულირება.
„მეცადინეობის მომზადებისა და დაგეგმვის პროცესში მასწავლებელი
უპირატესობას ანიჭებს პრაქტიკული, რეალური სიტუაციებიდან აღებულ პრობლემებს. უფრო მეტიც,
მოსწავლეები უშუალო მონაწილეობას იღებ ფაქტობრივ მონაცემთა შეგროვებაში, ინფორმაციის
მოძიებაში, ანკეტირებაში, მონაცემთა დამუშავებაში და ა.შ “ ( მ. მელიქიშვილი
„კონსტრუქტივიზმი“გვ.7. 2012 ). ჯონ ბრუნერის თეორიის მიხედვით მოსწავლეები უკეთ იაზრებენ ინფორმაციას მცნებების ფორმირების გზით. მისი აზრით,
კოდირების სისტემა ხელს უწყობს ხანგრძლივ მეხსიერებაში
ცოდნის დალექვას, გააზრებული სწავლებისთვის და მნიშვნელოვანია ორგანიზება, ვიზუალიზება
და დაზუსტება (მ.მელიქიშვილი „კოსტრუქტივიზმი’ გვ.18.2012). მას მიაჩნდა, რომ აღმოჩენებით
სწავლება ეს არის კატეგორიებისა და კოდირების სისტემა, ამიტომაც ახალი ინფორმაციის
მიღება რელევანტურად უკავშირდება ცოდნის ტრანსფორმაციას და გადადის შემოწმების პროცესზე.
აღმოჩენის გზით სწავლება ხელს უწყობს სტრუქტუირებული ცოდნის მიღებასა და მის განზოგადებას.
ჯ. დიუი მიიჩნევდა,
რომ სასწავლო პროცესში აუცილებელია თამაშის ჩართვა, თამაში არის ბავშვის ყველა ძალის,
აზრისა და ფიზიკური აქტივობის გავარჯიშება. „ჯონ
დიუს მიხედვით სკოლა უნდა იყოს სახელოსნო, ლაბორატორია, სადაც უმეტესი დრო და ადგილი
უნდა დაეთმოს კეთებას და არა მოსმენას.სწავლა უნდა მიმდინარეობდეს გამოცდილების მიღებით,
რომელსაც შევიძენთ მხოლოდ გარემოს კვლევის შედეგად“ („ჯ.დიუის პედაგოგიკური იდეები“.გვ.15. 2013)
ჯონ დიუი თვლიდა, რომ სწავლების ტრადიციული სისტემა იწვევს ბავშვების უარყოფით დამოკიდებულებას სწავლისადმი.
მოსწავლეებს არ აქვთ აქტივობა, ინიციატივა
და არ უვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები. ლევ ვიგოტსკის მსგავსად ის მიიჩნევდა, რომ
ცოდნას მოსწავლე იძენს სოციალური ინტერაქციით. მისთვის წარმატებული სწავლის პირობები
დაკავშირებულია თამაშთან, შრომასთან, ინტერესის აღძვრასთან და ღირებულია ის, რაც იძლევა
პრაქტიკულ შედეგს.
კარლ როჯერსი მიიჩნევდა, რომ სწავლება ნაყოფიერია,
თუ მოსწავლე სრულად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში, თუ ის ახორციელებს პრაქტიკულ-კვლევით
აქტივობებს, რაც მას ეხმარება თვითრეალიზაციაში და ცოდნის პროდუქტიულობაში. („მოტივაცია“
2013წ.) როჯერსის აღნიშნავდა „რომ განათლებულობა
ეფუძნება არა ცოდნას, არამედ მისი მოპოვების უნარს, კი არ ასწავლო, არამედ ხელი შეუწყო
სწავლას-ეს არის მასწავლებლის მთავარი ფუნქცია.“ („მოტივაცია“ გვ.17. 2013)
დიმიტრი უზნაძის აზრით, მნიშვნელოვანია არა კონკრეტული
ცოდნა, არამედ სწავლის პროცესში მონაწილე ძალების განვითარება. „სწავლა ყოველთვის გულისხმობს ცოდნის (პროდუქტის)
მიღებას“ („დ. უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია“ გვ.20. 2013).
დიმიტრი უზნაძე გვაწვდის რეკომენდაციებს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, რომელთა შორის განსაკუთრებით
დამაინტერესა სიურპრიზების, მოლოდინისა და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელმა სიტუაციამ,
ისტორიული დოკუმენტებისა და წყაროების გამოყენებამ, ექსპერიმენტების წინასწარ განსაზღვრის
აუცილებლობამ და ისტორიიდან ციტატების მოყვანის გამოცდილებამ. „სწავლების პროცესში მასწავლებელი შუამავალია შესასწავლ
მასალასა და მოსწავლე შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული
ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისაწვდომი.“
(„დ. უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია“ გვ.25. 2013წ.)
მასწავლებლის ამოცანაა, შეიმუშაოს დეტალური მეთოდური
ხერხები, რათა უზრუნველყოს შინაგანი მოტივაციის ამაღლება. ერთ-ერთი ხერხი ასეთია: წავაქეზოთ
მოსწავლეები, შეამოწმონ თავიანთი ძალები, ამ ხერხით „ ვაიძულოთ, მთლიანად დაიხარჯონ“,
რათა იგრძნონ წარმატებით გამოწვეული უდიდესი კმაყოფილება. კარგმა მასწავლებელმა იცის
ამ ცდუნების გემო“,-აღნიშნავს ბრუნერი. მისი აზრით, ადამიანები თვითონვე ქმნიან
რეალობას, მასწავლებლის მოვალეობა კი ისეთი პირობების შექმნაა, რომ ბავშვებს აღეძრათ
სწავლის სურვილი, ამიტომაც ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული სწავლებისა და ინფორმაციის
გადამუშავების პროცესში. (ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, „ჯერომ ბრუნერი. აქტიური
პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში“ , ავტ. მარინე ჯაფარიძე)
თავი IV
4.1. კვლევის ეთიკა
ეთიკური
ნორმების გათვალისწინება ყველა სახის კვლევაში თუ სამეცნიერო ნაშრომში მნიშვნელოვან
საკითხად ითვლება. უფრო მეტად საყურადღებოა და დასაცავია ეთიკის ნორმები მაშინ, როდესაც
კვლევა ეხება საჯარო სივრცეს და ამ სივრცეში მყოფ ინდივიდებს. იმის გათვალისწინებით,
რომ პრაქტიკული კვლევა ჩემ მიერ სკოლაში განხორციელდა და ჩემს კვლევაში ჩართული პირები
მოსწავლეები და კოლეგები იყვნენ, უფრო მეტად
მნიშვნელოვანი იყო კვლევის ყველა ნორმის დაცვა. კვლევაში მონაწილე ყველა პირის კონფიდენციალურობა
დაცულია. მათი ანკეტირება და ინტერვიურება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.
4.2. კვლევის მეთოდები
პრაქტიკული
კვლევის განხორციელებისთვის დაგეგმილი მეთოდები: მოსწავლეთა ანკეტირება, ჩართული დაკვირვება,
ინტერვიურება.
საკვლევი საკითხის
შესწავლის მიზნით ჩავატარე მოსწავლეთა ანკეტირება,
რომლითაც უნდა დამედგინა, თუ რა პრობლემები
იკვეთებოდა ჩემი საგნის სწავლებისას, კონკრეტულად რომელი ტიპის საგაკვეთილო მასალა
უფრო აინტერესებდათ მოსწავლეებს: მოვლენების, ფაქტების აღწერა თუ რუკაზე მუშაობა, როგორი ტიპის საშინაო თუ საკლასო დავალებებს ანიჭებდნენ უპირატესობას:
გაკვეთილის მოკლე შინაარსი თუ მოვლენებისა და ფაქტების შეფასების მისეული ინტერპრეტაცია
და ემოციური კომენტარები. როგორია
მათი სასურველი საკლასო გარემო: ჯგუფური, შერეული თუ ინდივიდუალური მუშაობა, უყვართ
თუ არა დამატებითი ისტორიული წყაროების მოძიება.
მეორე მეთოდად გამოვიყენე
ჩართული დაკვირვება რომელი მოიცავდა დაკვირვების სამ ეტაპს: აღწერითს, ფოკუსირებულს
და შერჩევითს. კონკრეტულად ვაწარმოე დაკვირვების დღიურები, რომლებშიც ჩავინიშნე სამიზნე
ჯგუფის პროგრესის მონიტორინგის მაჩვენებლები
სხვადასხვა საკლასო გარემოში. კვლევის საწყის ეტაპზე განვახორციელე აღწერითი დაკვირვება,
რომლის განმავლობაშიც ვაკვირდებოდი მოსწავლეების
დამოკიდებულებას ისტორიის საგნისადმი, ვარკვევდი რა ტიპის გაკვეთილები უფრო მოსწონდათ
და რომელ აქტივობებს ასრულებდნენ ხალისით. კვლევის შუალედურ ეტაპზე ფოკუსირებულად ვაკვირდებოდი
მოსწავლეთა შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ცვლილებებს განსხვავებული სწავლების მეთოდებისას.
დაკვირვების დასკვნით ეტაპზე განვახორციელე შერჩევითი დაკვირვება, სამიზნე ჯგუფის წრე
შევავიწროვე და დაკვირვება ვაწარმოე უშუალოდ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებზე,
რათა დამედგინა მათი საჭიროებანი და გამომეკვეთა მათი ძლიერი მხარეები სწავლების პროცესში.
ასევე ვაწარმოე ინტერვიურება
მონათესავე საგნის პედაგოგებთან (ქართული ენა ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება), რომლის
მიზანი იყო დამედგინა მოსწავლეთა კონკრეტული საჭიროებანი. როგორ ახერხებენ მასწავლებლები
მიზნის შედეგთან ორიენტირებას. იყენებენ თუ არა ხშირად კონსტრუქტივიზმზე დაფუძნებულ
მეთოდს-„სწავლა კეთებით“, მიმართავდნენ თუ არა სიმულაციურ თამაშებს მასალის უკეთ ათვისების
მიზნით, რამდენად ხშირად აკავშირებდნენ თავიანთ საგნებს ისტორიულ მოვლენებთან და ფაქტებთან,
აწარმოებდნენ თუ არა შედეგების მონიტორინგს.
4.3. კვლევის მონაცემთა შედეგები
და ანალიზი
კვლევის საწყის ეტაპზე გამოვიყენე დახურული ანკეტირება,
რომლის საფუძველზეც გამოიკითხა 27 მოსწავლე, აქედან 17 ბიჭი და 10 გოგონა. ანკეტირების
შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტად ურჩევნიათ ჯგუფებში
მუშაობა, ასევე მათ მოსწონთ, როდესაც თავად განასახიერებენ ისტორიულ მოვლენებს. ყველაზე
მეტად აქტიურობენ მაშინ, როდესაც მასწავლებლები გაკვეთილზე ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას
მიმართავენ. ( იხ. დანართი 1)
v
როგორ გირჩევნია გაკვეთილზე მუშაობა?
დამოუკიდებლად მუშაობა ურჩევნია- 20% ჯგუფში-40% , ხოლო
მერხის მეგობართან -40%
v
როდის სწავლობ უკეთ?
მოსწავლეების 30% სწავლობს უკეთ როცა ისმენს და კითხულობს დამოუკიდებლად. 45%-როცა თავად ირგებს პერსონაჟის, ისტორიული პირის როლს,
ხოლო - 25% როცა თვითონ აფასებს ფაქტებს,
მოვლენებს.
v
რისი კეთება უფრო
მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
რუკებზე მუშაობა მოწონს 35% , გაკვეთილის მოყოლა
ურჩევნია 30%, ხოლო ჩანახატების გაკეთება-35%.
v
ამ სამიდან რომელ
პროფესიას აირჩევდით?
მემატიანეების პროფესიას უპირატესობა მიანიჭა
მოსწავლეთა 20% ,ისტორიის მასწავლებლობა
აირჩია 30%, ყველაზე მეტად მოსწავლეებს არქეოლოგობა მოსწონთ-50% .
v
თქვენ რომ
ტურისტული კომპანიის თანამშრომლები იყოთ საქართველოს კუთხეების რომელ
ღირსშესანიშნაობებს აჩვენებდით უცხოელ ტურისტებს?
ბუნებას-65% , სამზარეულო-25%, ისტორიული ძეგლები-15 %
2. ჩართული დაკვირვების შედეგები ინტერვენციების განხორციელებამდე:
ჩართული დაკვირვების
სამივე ეტაპზე მთავარი პრობლემა რაც გამოიკვეთა იყოს ის, რომ მოსწავლეებს უჭირდათ სააზროვნო
ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემა. ეადვილებოდათ შემოქმედებითი ტიპის დავალებების შესრულება.
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უჭირთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
დადგენა, „მშრალი“ ქრონოლოგიის გააზრება, დამახსოვრება და მოვლენებთან დაკავშირება.
ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლეებს მოსწონთ არასასკოლო გარემოში
სწავლების პროცესი, ამ დროს ისინი უფრო მეტად გახსნილები არიან და მოტივირებულნი ახალი
მასალის შესწავლისადმი, გარდა ამისა მათ უფრო უადვილდებათ თვალსაჩინოების დახმარებით
თეორიული მასალის აღქმა და გააზრება. დაკვირვების დასკვნით ეტაპზე, როდესაც დაკვირვება
ვაწარმოე უშუალოდ შერჩეულ სამიზნე ჯგუფთან, ამ შემთხვევაში დაბალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეებზე, გამოიკვეთა, რომ მათ აქტიურობის სურვილი ეკარგებათ გაკვეთილის თხრობისას,
ისინი უფრო მეტი მონდომებითა და ენთუზიაზმით ერთვებიან პრაქტიკული სწავლების პროცესში.
3. ინტერვიურება
ინტერვიურება განვახორციელე
მონათესავე საგნის მასწვალებლებთან, რომლებიც ასევე ასწავლიან მეხუთე კლასის მოსწავლეებს,
კონკრეტულად ქართული ენისა და ლიტერატურის, მუსიკის და ხელოვნების საგნის პედაგოგებთან.
ინტერვიურების მიზანი იყო, დამედგინა მეხუთე კლასის მოსწავლეების საჭიროებანი, მიმეღო
მათგან ინფორმაცია მათი საგაკვეთილო პროცესის შესახებ და შემდგომში მათი გამოცდილების
გაზიარებით დამეგეგმა შესაძლო ინტერვენციებიც. (იხ. დანართი 2)
ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელს გავაცანი ინტერვიუს მიზანი და კითხვების დასმის შემდეგ აქტიური
მოსმენით მივიღე ინფორმაცია საკვლევ პრობლემაზე, ვთხოვე ილუსტრირებისთვის მაგალითების
მოყვანა. მისი სწავლების მეთოდებისა და მის
მიერ შექმნილი საკლასო გარემოს აღწერა. მის მიერ განხორციელებული ინტერვენციების განმარტება
და შედეგების მონიტორინგი. ქართულის მასწავლებელთან უკუკავშირის დროს გამოიკვეთა, რომ
მოსწავლეებს უჭირთ მოცულობითი ტექსტის გააზრება. ტექსტის მთავარი სათქმელის გადმოცემა,
მაგრამ არ უჭირთ მასალასთან დაკავშირებული ინტერნეტ-რესურსების მოძიება, შემოქმედებითი
უნარების გამომჟღავნება. მოსწავლეებს მოსწონთ საგაკვეთილო მასალის ინტერპრეტირება,
პერსონაჟების როლის მორგება, ისტორიული პერსონაჟების მოვლენებთან დაკავშირება, ინტერნეტ
რესურსების მოძიება. ინტერვიუს საფუძველზე დავასკვენი, რომ ქართულის გაკვეთილები ტარდება დინამიკურად,
მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებენ ნაწარმოებებს სიმულაციების შემთხვევაში და არ უჭირთ
საგანთშორისი კავშირების დადგენა.
ხელოვნების მასწავლებელთან
ინტერვიურების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები უკეთ სწავლობენ და იგებენ გაკვეთილებს,
როცა მასწავლებელი წინასწარ აცნობს მათ მიზნებს. ასევე მასწავლებელი ხშირად მიმართავს
ჯგუფური მუშაობის მეთოდებს. განსაკუთრებით გაუდვილდათ მოსწავლეებს იმ გაკვეთილების
გააზრება, როდესაც შეისწავლეს საქართველოს კუთხეების არქტიტექტურული ნაგებობები. მოსწავლეებმა
ადვილად შეძლეს ისტორიაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი ხელოვნების საგანთან.
მუსიკის მასწავლებლის
ინტერვიურების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს პრაქტიკული აქტივობების განხორციელება
ყველაზე მეტად მოსწონთ. ამ დროს მოსწავლეების ჩართულობის ხარისხი გაცილებით მაღალია.
ასევე მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება, ამ დროს
ისინი უფრო მეტად გახსნილები და მოტივირებულნი არიან სწავლების პროცესში.
თავი V
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა
კვლევის პროცესში მიღებული შედეგებისა და მონაცემთა
ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
ü მოსწავლეეების ჩანაწერების დღიურის წარმოება და
წერილობითი კომენტარები.
ü არასასკოლო გარემოში სწავლება-სტუმრობა არქეოლოგიური
საგანძურის მუზეუმში და არქეოლოგიური გათხრების სიმულაცია მუზეუმში ვიზიტის შემდეგ.
ü
დასკვნითი
პროექტის დემონსტრირება.
5.2 ინტერვენციის განხორციელება
პირველი ინტერვენცია
მოსწავლეებს ვთხოვე, ეწარმოებინათ ჩანაწერების დღიურები, რომლებშიც აღწერდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს მიღებულ გაკვეთილებზე, ჩამოეწერათ რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, აქედან რა იცოდნენ ცოდნის მიღებამდე, იცნობდნენ თუ არა კონკრეტულად იმ კუთხეს, რომლის შესახებაც
მიიღეს საგაკვეთილო ინფორმაცია. მათ ასევე უნდა დაეხატათ ან მიეძღვნათ ჩანახატი კონკრეტული
კუთხისთვის. თვითდაკვირვების დღიურებში ასევე უნდა შეედგინათ კითხვები
მერხის მეგობრისთვის. ჩაეხატათ რუკები და შეექმნათ ტურისტული ბუკლეტები. თვითდაკვირვების
დღიურების გაცნობის შემდეგ ვაკეთებდი წერილობით კომენტარს და ვაძლევდი განმავითარებელ
შეფასებას.
მეორე ინტერვენცია.
შემდეგ ინტერვენციად
განვახორციელე არასასკოლო გარემოში სწავლება. მოსწავლეები წავიყვანე თბილისის არქეოლოგიური
საგანძურის მუზეუმში, სადაც მათ ვიზუალურად აღიქვეს ისტორიული არტეფაქტები. მუზეუმში
ვიზიტის შედეგად მოსწავლეებს აღეძრათ მეტი ინტერესი შესწავლილი ისტორიული მასალის მიმართ.
არტეფაქტების ვიზუალიზაციამ მათში აღძრა უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვების სურვილი.
მათ წინასწარ იცოდნენ ინტერვენციის მეორე ეტაპის შესახებ, ამიტომაც ითვალისწინებდნენ
რჩევას დაკვირვებოდნენ მუზეუმის თანამშრომლებსა და არქეოლოგიურ საგანძურში დაცულ ექსპონატებს.
ცალ-ცალკე აკეთებდნენ ჩანაწერებს მომავალი „არქეოლოგები“, „ექსპერტები“, „მუზეუმის
თანამშრომლები“. მუზეუმში ვიზიტის შემდეგ სკოლაში დაბრუნებულებს დაევალათ თავად დაემზადებინათ
მსგავსი არტეფაქტები. სიმულაციური თამაშისთვის მათ დაამზადეს არტეფაქტების მაკეტები.
დაიგეგმა არქეოლოგიური გათხრის სცენარი, მოსწავლეებმა გადაინაწილეს პროფესიები. ერთი
ჯგუფი წარმოადგენდა არქეოლოგებს, მათ უნდა ეწარმოებინათ არქეოლოგიური გათხრები ყველა
წესის დაცვით და აღმოჩენილი არტეფაქტები გადაეცათ მკვლევართა ჯგუფისათვის. მკვლევართა
ჯგუფი იწყებდა უკვე მოცემული არტეფაქტების გასუფთავებას, შესწავლას და აღწერას, რის
შემდეგაც ნივთი გადადიოდა უკვე მუზეუმში, სადაც გიდების ჯგუფი ახდენდა არტეფაქტების
პრეზენტირებას დამთვალიერებლებისათვის. ამ აქტივობის განხორციელება უზრუნველვყავი შესაბამისი
რეკვიზიტებით(ქვიშა, ფუნჯები, ნიჩბები, ხელთათმანები,არტეფაქტები). მოვიწვიეთ პედაგოგები,
მშობლები და მოვაწყვეთ არქეოლოგიური აღმოჩენის ინსცენირება.
მესამე ინტერვენცია
მესამე ინტერვენციად
განვახორციელე დასკვნითი პროექტი. ჯგუფებს
დაევალათ ინფორმაციის მოძიება საქართველოს შესწავლილი კუთხეების შესახებ (ქართლი,იმერეთი,
აჭარა, სვანეთი, სამეგრელო). სლაიდშოუების და მაკეტების დამზადება, პროექტის ფარგლებში
მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ამ ინტერვენციის განხორციელებაში მნიშვნელოვნად დამეხმარა
მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლების გამოცდილების გაზიარება. აღნიშნულ პროექტში
ხალისით ჩაერთვნენ მშობლებიც, რომლებიც ეხმარებოდნენ შვილებს მაკეტების დამზადებაში. მათ წარმოაჩინეს
ამ კუთხეების ეთნოგრაფიული ღირებულებანი, ტრადიციები, სამზარეულო,ფოლკლორი. აღნიშნულ
აქტივობას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის
წევრი კოლეგები და მშობლები. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სიგელები წარმატებულად
განხორციელებული პროექტის დემონსტრირებისთვის, ასევე ყველა ჯგუფი დაჯილდოვდა სხვადასხვა
ნომინაციებში და მათაც გადაეცათ სიგელები (იხ. დანართი 3)
გარდა, განხორციელებული
ინტერვენციებისა, მოსწავლეები თითოეული საგაკვეთილო თავის გავლის შემდეგ ქმნიდნენ სასწავლო
რესურსებს: კედლის გაზეთებს, პლაკატებს, ტურისტულ ბუკლეტებს და წერდნენ არგუმენტირებულ
ესეებს.
5.3 ინტერვენციების შედეგები და ანალიზი
ინტერვენციების განხორციელების
შემდეგ კვლავ ჩავატარე მოსწავლეთა ანკეტირება მათი შთაბეჭდილებების გაგების მიზნით.
(იხ. დანართი 4) ანკეტირებამ აჩვენა მოსწავლეების
პოზიტიური დამოკიდებულება განხორციელებული აქტივობების მიმართ. მათ განსაკუთრებით მოეწონათ
სწავლა-კეთებით ჩატარებული აქტივობა. მოსწავლეებმა ანკეტირებისას აღნიშნეს, რომ ისურვებდნენ
უფრო მეტ პრაქტიკულ სამუშაოებს გაკვეთილებზე, მათ ურჩევნიათ გაკვეთილების სწავლების
ხვედრითი წილი საკლასო სამუშაოებზე მოდიოდეს. გარდა ამისა, წლის ბოლოს ჩატარებულმა
შემაჯამებელმა წერის ანალიზებმაც აჩვენა მოსწავლეების სწავლების პროგრესი. მათ აღარ
უჭირდათ ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების გააზრება, მოსწავლეებს მკვეთრად განუვითარდათ
ანალიტიკური მსჯელობის უნარები. ასევე დასკვნითი პროექტის დემონსტრირებისას გამოიხატა
მათი პრეზენტირების უნარები. მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდათ მომზადებული ინფორმაციები
და მათი თხრობის სტილი იყო თავისუფალი.
პირველი ინტერვენციის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები
უფრო ხალისით ასრულებდნენ დავალებებს, განუვითარდათ ფანტაზიის გრძნობა და უფრო უკეთ
გააცნობიერეს საკუთარი ცოდნის შედეგები. ასევე ეს ხელს უწყობდა თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მეორე ინტერვენციის შედეგად მოსწავლეებში გაღრმავდა გარეგანი და შინაგანი
მოტივაცია სწავლის მიმართ. ისინი გააზრებულად მიუდგნენ ისტორიის, როგორც საგნის, სწავლების
მნიშვნელობას. ადვილად შეძლეს ნამდვილთან მიახლოებული „არტეფაქტების“ დამახსოვრება, ქრონოლოგიურად დახარისხება, ეპოქასთან
შესაბამისობის დადგენა.
დასკვნითმა პროექტმა
ხელი შეუწყო მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ისტორიული
ფაქტები, მოვლენები. შეექმნათ ნათელი წარმოდგენა ქვეყნის ისტორიულ წარსულზე, რამაც
ხელი შეუწყო საგნის გააზრებულად შესწავლას და ღრმა ინტერესის გაღვივებას ისტორიისადმი.
ინტერვენციების შემდგომ ჩატარებული მოსწავლეთა ანკეტირების შედეგები
v კითხვაზე, თუ რა
მოეწონათ მოსწავლეებს არქეოლოგიური გათხრების სიმულირებისას გამოიკვეთა, რომ
მოსწავლეთა 55% არტეფაქტების აღმოჩენა მოეწონათ, 25%-არტეფაქტების კვლევა, ხოლო
20%- არტეფაქტებზე საუბარი.
ü მოსწავლეთა 50% სწავლება ურჩევნიათ საკლასო გარემოში, 35%-არასასკოლო
გარემოში, ხოლო 15 % მეცადინეობა ურჩევნია სახლში
ü ანკეტირებამ
აჩვენა რომ მოსწავლეებს ჩანაწერების დღიურების წარმოება მნიშვნელოვნად დაეხმარა
სწავლების პროცესში. მოსწავლეთა 60 % თვლის, რომ დაეხმარა, 30% -ნაწილობრივ,
ხოლო-10% აღნიშნავს რომ არ დაეხმარა.
ü მოსწავლეებში
დადებითი ემოციები აღძრა მასწავლებლის მიერ გაკეთებულმა განმავითარებელმა
კომენტარებმა. 70% -დიახ, 25%-ნაწილობრივ, 5%-არა.
თავი VI
6.1.პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
აღსანიშნავია, რომ ყველა კვლევის უპირველესი მიზანია
საკითხის სიღრმისეული შესწავლა, დაკვირვება საკვლევ საკითხსა თუ ობიექტზე, ვარაუდების
და ჰიპოთეზების გამოკვეთა, კვლევის საფუძველზე დასკვნების გაკეთება. თავისთავად ცხადია,
რომ ამ მხრივ არც პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაა გამონაკლისი. მოგეხსენებათ, სკოლა
ცოცხალი ორგანიზმია, სკოლაში მოღვაწე პედაგოგების უმთავრესი მიზანია მოსწავლეებისათვის
სასკოლო გარემო იყოს საინტერესო, კომფორტული და შემეცნებითი. შესაბამისად, მასწავლებელი მუდმივად იმყოფება სიახლეების ძიების პროცესში. სკოლაში
განხორციელებული პრაქტიკული კვლევა არა მხოლოდ
პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი აღმოფხვრის გზების ძიებას გულისხმობს, არამედ
სწავლა-სწავლების პროცესის შესწავლას, სიახლეების დანერგვასა და საგაკვეთილო აქტივობების
გაუმჯობესებას. სკოლის შემთხვევაში პრაქტიკის კვლევა კონცენტრირებულია სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე, რომელი მეთოდებით
შეიძლება მოსწავლეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა? როგორ უზრუნველვყოთ აზროვნების უნარების გაუმჯობესება
მოსწავლეებში? - პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
დაგეგმვის და მისი განხორციელების მიზანია ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დასკვნების
გაკეთება, რომელიც შემდგომში მასწავლებლებს დაეხმარება სასკოლო პროცესის ეფექტურად
წარმართვაში.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის არსი მოსწავლეებში
სააზროვნო უნარების განვითარება იყო. ჩემთვის, როგორც საგნის მასწავლებელისათვის, მნიშვნელოვანი
იყო მეხუთე კლასელებისათვის ისტორიის საგნის შეყვარება და მისით დაინტერესება. ვფიქრობ,
აღნიშნული კვლევა არა მარტო მე, არამედ ჩემს კოლეგებსაც გამოადგება მათი პედაგოგიური
პრაქტიკის გამუჯობესების თვალსაზრისით. კვლევის პროცესში განხორციელებული ინტერვენციების
გაზიარება და მისი სკოლაში დანერგვა გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს და აამაღლებს
მოსწავლეების ჩართულობას სწავლა-სწავლების პროცესში.
თავი VII
7.1 კვლევის ვადები
აქტივობა
|
X
|
XI
|
XII
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
VI
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა/პრობლემის იდენტიფიცირება
|
√
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის გეგმის შემუშავება
|
|
√
|
|
|
|
|
|
|
|
არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შერჩევა
|
|
√
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის მეთოდების შერჩევა
|
|
|
√
|
|
|
|
|
|
|
მოსწავლეთა ანკეტირება
|
|
|
|
√
|
|
|
|
√
|
|
მასწავლებელთა ინტერვიურება
|
|
|
|
√
|
|
|
|
|
|
ჩართული დაკვირვება
|
|
|
|
√
|
√
|
|
|
|
|
მონაცემთა დამუშავება
|
|
|
|
|
√
|
|
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა
|
|
|
|
|
√
|
|
|
|
|
ინტერვენციების განხორციელება
|
|
|
|
|
|
√
|
√
|
√
|
|
ინტერვენციების შემდგომი მოსწავლეთა ანკეტირება
|
|
|
|
|
|
|
|
√
|
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
√
|
|
შედეგების გაცნობა კოლეგებისთვის
(პრეზენტაცია)
|
|
|
|
|
|
|
|
|
√
|
7.2. კვლევის მიგნებები
კვლევის პროცესში
განხორციელებული აქტივობების ანალიზის შედეგად მინდა გამოვყო შემდეგი მიგნებები.
ü მოსწავლეთა სრული
ჩართულობის უზრუნველყოფა შესაძლებელია აქტიური საკლასო სამუშაოებით.
ü მოსწავლეებს უფრო
მეტად აინტერესებთ პრაქტიკული სამუშაოები.
ü მონოტონური
გაკვეთილები დამღლელი და მოსაბეზრებელია.
ü მნიშვნელოვანია
სასკოლო გარემოში და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა.
ü სწავლა-სწავლების
პროცესის გააზრებულად წარმართვას ხელს უწყობს სიმულაციური თამაშები.
ü არაფორმალურ
გარემოში სწავლება და შემეცნება უფრო ააქტიურებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს.
7.3. რეკომენდაციები
პედაგოგიური კვლევის
ანალიზის შედეგად კოლეგებისთვის შევიმუშავე საჭირო რეკომენდაციები, რომელიც, ვფიქრობ,
უფრო ეფექტურს გახდის სწავლა-სწავლების პროცესის გააზრებულად წარმართვას.
ü სწავლების
პროცესის წარმართვა უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული სამუშაოების ხარჯზე.
ü მოსწავლეები მეტ
ინფორმაციას იღებენ და უფრო კარგად იაზრებენ, როდესაც თავად არიან გაკვეთილზე
აქტიური მონაწილეები.
ü სწავლების
პროცესში მნიშვნელოვანია საგანთშორისი კავშირების დამყარება და ინტეგრირებული
გაკვეთილების ჩატარება.
ü ჩანაწერების
დღიურების წარმოება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში სააზროვნო უნარების
განვითარებას.
7.4 კვლევის ნაკლოვანებები
აღსანიშნავია, რომ
საკვლევი საკითხის მიზანი, კვლევის მეთოდები
და ინტერვენციები პრობლემის მოგვარებაზე იყო მორგებული, რაც გულისხმობდა ისტორიის გააზრებულად
შესწავლას სამიზნე ჯგუფთან, ჩემს შემთხვევაში მეხუთე კლასის მოსწავლეებთან. შერჩეულმა
მეთოდებმა და მის შედეგის ანალიზზე დაგეგმილმა იტერვენციებმა გაამართლა მოლოდინები,
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მოსწავლესთან მიზნის მიღწევა გამიძნელდა, ერთი
მოსწავლე საერთოდ ვერ ჩავრთე ინტერვენციებში, რადგან მას ხშირი გაცდენები ჰქონდა და
მოტივაციაც დაბალი იყო მისი მხრიდან. გარდა ამისა, შედარებით აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს
გაუჭირდათ ინფორმაციების გაანალიზება, თუმცა ინდივიდუალური, მათს შესაძლებლობებზე ორიენტირებული
დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი.
აუცილებლად გავითვალისწინებ
მომავალი წლიდან კვლევის ამ ნაკლოვანებებს და შევეცდები მეტი ყურადღება გავამახვილო დაბალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეებზე, გავააქტიურო მათი მეტაკოგნიტური აზროვნება კითხვარებისა და სქემების
გამოყენებით, მათზე მეტი პასუხისმგებლობის დელეგირებით, რათა უზრუნველვყო მათი მოტივაციის
გააქტიურება და სწავლის პროცესში ჩართულობა.
7.5 დასკვნა
ჩემ მიერ ჩატარებულ
პედაგოგიური პრაქტიკის მთავარ საკვლევ საკითხს წარმოადგენდა გააზრებული სწავლების პრობლემები
ისტორიის გაკვეთილებზე, კონკრეტულად კი მეხუთე კლასის მოსწავლეებში. საკითხი აქტუალურად
მივიჩნიე, რადგანაც ამ საფეხურიდან იწყებდნენ მოსწავლეები ისტორიის საგნის შესწავლას
და, შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანი იყო სწორი და მიზანმიმართული ისტორიის სწავლების
სტრატეგიების შემუშავება, ისე რომ არ მომხდარიყო მასალის ზედაპირული დასწავლა.
მას შემდეგ რაც მოვახდინე
პრობლემის იდენტიფიცირება, გავეცანი შესაბამის ლიტერატურას, რაც დამეხმარა საკვლევი
საკითხის მიზანმიმართულად წარმართვაში. სწორად შერჩეული კვლევის მეთოდებითა და მონაცემთა
ანალიზის შედეგად განხორციელებული ინტერვენციებით შეიძლება ითქვას , რომ საკვლევი საკითხის
მთავარი მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებში გააქტიურდა სააზროვნო უნარები. მათ თავისუფლად
შეძლეს მსჯელობა ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე, ადვილად პოულობდნენ მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს, შედარებით სუსტი მოსწავლეებიც კი ხალისით ასრულებდნენ საკლასო აქტივობებს.
მოსწავლეებთან ერთად
აქტიურობდნენ მშობლები, ისინი მათთან ერთად ქმნიდნენ სასწავლო რესურსებს, რაც უფრო
მეტად ზრდიდა მოსწავლეთა მოტივაციას და საგნისადმი დამოკიდებულების შეცვლას
ბიბლიოგრაფია
1. ბოლქვაძე დავითი „ისტორიის სწავლების რამოდენიმე
ასპექტის შესახებ“-ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი“/2014 წელი http://mastsavlebeli.ge/?p=3962
2. ლობჟანიძე სოფიკო „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
კვლევები“-ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“/2012 წელი http://mastsavlebeli.ge/?p=281
3. მელიქიშვილი
მანანა/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი/2013 წელი-„დიმიტრი უზნაძის
პედაგოგიკური კონცეფცია“
4. მელიქიშვილი
მანანა/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი/2012 წელი-„ჯონ
დიუის პედაგოგიკური კონცეფცია“
5. მელიქიშვილი მანანა/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი/2012 წელი-„მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფცია“
6. მელიქიშვილი
მანანა/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი/ 2013 წელი-„მოტივაცია“
7. მელიქიშვილი
მანანა/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი/2013 წელი-„კონსტრუქტივიზმი“
8. ჯაფარიძე მარინე „ჯერომ ბრუნერი. აქტიური პრაქტიკული გამოცდილების
როლი სწავლის პროცესში“-ინტერნეგაზეთი „მასწავლებელი“/2014 წელი http://mastsavlebeli.ge/?p=1852)
9. „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“(მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო)-საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL2.19&d=HASH53faba1e9f16a8a26bc137.2
10. ე.ს.გ-ეროვნული სასწავლო გეგმა http://ncp.ge/ge/curriculum?class=27&pos1=500
დანართები
დანართი 1
მოსწავლეთა ანკეტირება
11. როგორ გირჩევნია
გაკვეთილზე მუშაობა?
ა.
დამოუკიდებლად ბ. ჯგუფში გ. მერხის მეგობართან სურათებით.
12. როდის სწავლობ უკეთ?
ა. როცა
ისმენ და კითხულობ დამოუკიდებლად ბ. როცა ირგებ პერსონაჟის, ისტორიული პირის
როლს გ. როცა შენ თვითონ აფასებ ფაქტებს,
მოვლენებს
13. რისი კეთება უფრო
მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
ა. რუკებზე
მუშაობა ბ. გაკვეთილის მოყოლა გ. ჩანახატების გაკეთება
14. ამ სამიდან რომელ
პროფესიას აირჩევდით?
ა.
მემატიანეები ბ. ისტორიის
მასწავლებლები გ. არქეოლოგები
15. თქვენ რომ
ტურისტული კომპანიის თანამშრომლები იყოთ საქართველოს კუთხეების რომელ
ღირსშესანიშნაობებს აჩვენებდით უცხოელ ტურისტებს?
ა. ბუნებას ბ. სამზარეულო გ.ისტორიული ძეგლები
დანართი 2
ინტერვიურება საგნის
მასწავლებლებთან
1.
როგორ აცნობთ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს? ა.
წერილობით ბ. ზეპირად
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
იციან თუ არა მოსწავლეებმა რა შედეგი უნდა მიიღონ
კონკრეტულ გაკვეთილზე?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
როგორ აკავშირებთ ახალ მასალას წინარე ცოდნასთან?
ღია გამოკითხვით თუ ჯგუფური გამოკითხვით?-----------------------------------------------------------------------------------------
4.
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ძირითადად
უჭირთ კითხვა, წერა თუ
მსჯელობა?---------------------------------------------------------------------------------------------
5.
რამდენად ხშირად აძლევთ მოსწავლეებს ტექსტის
ინტერპრეტირების საშუალებას?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
6. რამდენად
შესაძლებელია თქვენი შედეგების მონიტორინგის ნახვა?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
7. თქვენი საგნიდან
რომელ მასალას შეარჩევდით ჩემს საგანთან
ინტეგრირებისთვის?------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. როგორია
მოსწავლეთა ჩართულობა, არის თუ არა იგი განსხვავებული სხვადასხვა
გაკვეთილზე?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3
სასწავლო
პროექტი
პროექტის განმხორციელებელი პირი
|
ნანა ზაზანაშვილი
|
პროექტის სახელწოდება
|
„გავიცნოთ საქართველოს კუთხეები“
|
სამიზნე ჯგუფი
|
V ა
კლასი/დაწყებითი საფეხური
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
საგნობრივი სტანდარტები
|
საზ.მეც.დაწყ.(II).3. საქართველოს მხარეების
ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა;
საზ.მეც.დაწყ.(II).7. ინიციატივის
გამოვლენა, ადამიანური და მატერიალური რესურსების გათვალისწინებით შედეგზე ორიენტირებული
საქმიანობის დაგეგმვა;
|
პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
|
27 მოსწავლე
|
პროექტის აქტუალობა
|
სასკოლო საზოგადოებისთვის
საქართველო კუთხეებში ვირტუალური მოგზაურობა, მათი ღირსშესანიშნაობების გაცნობა.
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეები გაეცნონ საქართველოს კუთხეებს. წარმოაჩინონ
კუთხეების დამახასიათებელი თვისებები,ღირსშესანიშნაობები. განუვითარდეთ თანამშრომლობითი
და პრეზენტირების უნარები
|
პროექტის მოსალოდნელი მოკლევადიანი და გრძელვადიანი
შედეგები
|
მოსწავლე შეძლებს
საქართველოს ამა თუ იმ მხარის (მაგალითად,
ქართლის) რომელიმე პუნქტში ვირტუალური ექსკურსიის გზით კვლევის ჩატარებას (ისტორიულ-გეოგრაფიულ-სოციალურ პრობლემებზე) და მისი
შედეგების პრეზენტირებას.
მოსწავლე შეძლებს
მაკეტების შექმნას საქართველოს მხარეების მახასიათებლების მიხედვით.
|
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერა
|
|
პროექტის მონიტორინგი
|
აქტივობებს შორის პერიოდში სამუშაო შეხვედრების წარმოება.
იდეების გაზიარება , ხარვეზების აღმოფხვრა.
|
პროექტის შეფასება
|
განმავითარებელი შეფასება რუბრიკის მიხედვით
|
რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, მაკეტების დასამზადებელი სხვადასხვა
სახის მასალა, საქართველოს გეოგრაფიული რუკის მაკეტი,
|
ლიტერატურა
|
სახელმძღვანელო, ინტერნეტ რესურსები,
|
პროექტის შეფასების რუბრიკა
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად
გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ
მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილინ
მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2. ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული,
არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია
თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,
ზოგი-გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული
ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის კორექტულობა
|
გვხვდება ხშირი
შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია, შეყავს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი
|
ძირითადად
კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო, მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული,
ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად
გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად
გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად
გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა
დაგეგმილი, გამოყენებული წყარო არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია,
მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია
გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა სწორად
არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო, ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები
ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების
კავშირი შინაარსთან არის, მაგრამ ერთფეროვანია, გამოიყენება მოძიებული და ჟგუფის
მიერ შექმნილი
|
მრავალფეროვანი,
შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი
ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს
ჯგუფის ორიგინალური აზრები და ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის
ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირი საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის
კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
არის მოსაზრებების
კავშირი ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი
მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს
მრავალი მიმართულებით ჯგუფის კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული
დასკვნები
|
დასკვნები
ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში
არის სიახლე(ორიგინალობა)ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებულია მკაფიოდ
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად
არ არის წარმოდგენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხის გაცემა,
არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
პროექტის არსი
ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული
პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი,
იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
|
დანართი 4
მოსწავლეთა ანკეტირება
ინტერვენციების შემდეგ
1.
რა მოგეწონათ ყველაზე მეტად სიმულაციური
არქეოლოგიის დროს?
ა. არტეფაქტების
აღმოჩენა ბ. არტეფაქტების კვლევა გ.
არტეფაქტებზე საუბარი
2.
რომელ გარემოში ისურვებდით ყველაზე მეტად
გაკვეთილების სწავლას?
ა. სახლში ბ. საკლასო გარემოში გ. არასასკოლო გარემოში
3.
დაგეხმარათ თუ არა თვითდაკვირვების დღიურების
წარმოება საგაკვეთილო მასალის უკეთ გააზრებაში?
ა. დიახ ბ. ნაწილობრივ გ. არა
4.
მოგწონთ თუ არა მასწავლებლის მიერ გაკეთებული
წერილობითი განმავითარებელი კომენტარები?
ა. დიახ
ბ. ნაწილობრივ გ. არა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა განვახორციელე სსიპ ქალაქ თბილისის N 108 საჯარო სკოლაში. საკვლევ
საკითხს წარმოადგენდა „გააზრებული სწავლების პრობლემები ისტორიის გაკვეთილზე მეხუთე
კლასში“.
კვლევის მიზანი იყო დამედგინა, თუ რატომ უჭირდათ მეხუთე კლასის მოსწავლეებს
ისტორიის გააზრება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განხორციელება, შესაბამისად , განმეხორციელებინა
კვლევის მეთოდები და ინტერვენციები, მეპოვა
პრობლემის გადაჭრის გზები.
კვლევა განხორციელდა
2018-2019 სასწავლო წელს. კვლევის ფარგლებში გავეცანი საჭირო ლიტერატურას პრობლემის
უკეთ გასააზრებლად და შემდგომი გზების დასასახად. კვლევის პროცესში გამოვიყენე, როგორც
თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები, რამაც უზრუნველყო კვლევის სანდოობა და ეფექტურობა.
მონაცემთა შეგროვების და მათი შედეგების ანალიზის შედეგად დავგეგმე და განვახორციელე
ინტერვენციები. კონკრეტულად, მოსწავლეებმა აწარმოეს ჩანაწერების დღიურები, რაც მათ
დაეხმარა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში, ასევე არასასკოლო გარემოში
დავგეგმეთ ვიზიტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ საგანძურში, რის შემდეგაც
მოვაწყვეთ არქეოლოგიური გათხრების სიმულაცია.
აღნიშნულმა ინტერვენციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მეხუთე კლასის ყველა
მოსწავლე აქტიურად და ხალისით ჩაერთო ამ ინტერვენციაში. კვლევის დასკვნით ეტაპზე განვახორციელეთ
პროექტის „გავიცნოთ საქართველოს კუთხეები“ დემონსტრირება. სიხარულით მინდა აღვნიშნო,
რომ ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ინტერვენცია როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მშობლებისა
და მასწავლებლებისათვის.
თამამად შემიძლია ვთქვა
, რომ კვლევის საწყის ეტაპზე დასახული მიზანი სრულად იქნა მიღწეული. მეხუთე კლასელებმა
შეიყვარეს ისტორიის საგანი, გაიაზრეს მისი მნიშვნელობა და აქტუალობა დღევანდელობასთან
მიმართებით. პრობლემა, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში გამოიკვეთა, თითქმის სრულად
იქნა აღმოფხვრილი.
პედაგოგიური კვლევის
დასრულების შემდეგ მოვახდინე მისი წარდგენა საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის წევრ
კოლეგებთან, ჩემთვის მათი აზრი მნიშვნელოვანი იყო. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ კვლევამ
მათი მხრიდან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. პრეზენტირების შემდეგ კოლეგებთან გაიმართა
დისკუსია კვლევის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ ეს აღნიშნული პრობლემა მხოლოდ მე არ მქონდა
და, შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანი ამ საკითხის კვლევა. დიდი მოწონება დაიმსახურა
ჩემ მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ინტერვენციები
მათაც გამოადგებოდა სასწავლო პროცესში და მომავალი წლიდან აუცილებლად განახორციელებდნენ.
ისტორიის პედაგოგი: ნანა ზაზანაშვილი
06/06/2019
გაზიარება
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა გამოქვეყნებულია
ჩემს პირად ბლოგზე, იხ.ლინკი
No comments :
Post a Comment